აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო Google-ის იძულებით გაყოფას განიხილავს
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს ზომებს, რათა გამოასწოროს ვითარება კომპანია Google-ში მას მერე, რაც ის ონლაინ ძიების სფეროში მონოპოლისტად გამოაცხადეს.
ამის შესახებ New York Times-ს აცნობა განხილვის პროცესთან ახლო მყოფმა სამმა წყარომ.
რადიკალურ ზომებს შორის არის კომპანიის გაყოფა - მათ შორის მობილური საოპერაციო სისტემა Android-ის ან ბრაუზერ Chrome-ის გამოყოფა. ოფიციალური პირები ასევე გამოდიან წინადადებით, აეკრძალოს კომპანიას დადოს ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, Google-ი სხვადასხვა მოწყობილობაში სტანდარტულ სამძებრო სისტემადაა წინასწარ დაყენებული. ამასთან, განიხილავენ ზომებს, რომლებიც აიძულებს Google-ს, უზრუნველყოს თავის მონაცემებზე კონკურენტების წვდომა.
ეს პროცესი დახურულია და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
Google-ში აცხადებენ, რომ აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კომპანიამ სასამართლოს 4 სექტემბრამდე უნდა მიმართოს.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ი ბოროტად იყენებდა ონლაინ ძიების სფეროში თავის მონოპოლიურ მდგომარეობას. კონკურენტები ვერ ახერხებდნენ Google-თან პაექრობას ბაზარზე.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ანტიმონოპოლიურ სფეროში ბოლო 26 წლის მანძილზე პირველი იყო, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს უკავშირდებოდა.
მონოპოლიის კანონის დარღვევაში 1998 წელს Microsoft-ი დაადანაშაულეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.