ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას შეუზღუდავს, თუ ღაზაში 30 დღეში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება

აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას შეუზღუდავს, თუ ღაზაში 30 დღეში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება

შეერთებულმა შტატებმა წერილობით მიმართა ისრაელს და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30 დღე მისცა.
ისრაელის მთავრობისთვის გაგზავნილი აშშ-ის წერილი, რომლის შინაარსიც, მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. მას ხელს აწერენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.
„ჩვენ ახლა ვწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და მოვიძიოთ თქვენი მთავრობის გადაუდებელი და მდგრადი ქმედებები ამ თვეში ამ ტრაექტორიის შესაცვლელად“, - აღნიშნულია წერილში.
მასში ნათქვამია, რომ ისრაელის ევაკუაციის ბრძანებებმა აიძულა 1,7 მილიონი ადამიანი შევიდნენ ვიწრო, სანაპირო ალ-მავასის რაიონში, სადაც ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
„განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ისრაელის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით - მათ შორის კომერციული იმპორტის შეჩერება, სექტემბერში ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის ჰუმანიტარული გადაადგილების თითქმის 90%-ის უარყოფა ან შეფერხება, მუდმივი მძიმე და გადაჭარბებული ორმაგი გამოყენების შეზღუდვები და საბაჟო მოთხოვნების დაწესება ჰუმანიტარული პერსონალისთვის და გადაზიდვებისთვის“, - აღნიშნულია წერილში.
წერილის თანახმად, ისრაელმა უნდა დაიწყოს ახლავე და 30 დღის განმავლობაში უნდა იმოქმედოს რიგი კონკრეტული ზომების მიხედვით, რათა გაზარდოს დახმარების მიწოდება და რომ წარუმატებლობამ, შეიძლება, გავლენა იქონიოს აშშ-ის პოლიტიკაზე. წერილში ხაზგასმულია, რომ ისრაელმა ზამთრის დაწყებამდე უნდა „გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარება მთელ ღაზაში“.
წერილში საუბარია აშშ-ის იმ კანონებზე, რომლებიც კრძალავს სამხედრო დახმარებას ქვეყნებისთვის, რომლებიც აფერხებენ აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
ის ასევე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს ჩრდილოეთ ღაზას იზოლაცია და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ისრაელის მთავრობის პოლიტიკა არ გაითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი ევაკუაციის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილი იყო პირადი დიპლომატიური კომუნიკაცია, რომლის გასაჯაროებასაც არ აპირებდნენ.
„მდივანმა [ბლინკენმა] მინისტრ ოსტინთან ერთად ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო ისრაელის მთავრობისთვის მკაფიოდ განეცხადებინათ, არის ცვლილებები, რომლებიც მათ უნდა განახორციელონ“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.