“აღმოჩენილია პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები” – სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზა დასრულდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზა დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
“ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა „როსტვერკი“, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.
ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილ იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები.
იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.
სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა,” – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე