აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული
თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო - კადრებში, რომელსაც მედია არცელებს, ის კინო რუსთაველის შენობის წინ ჩანს და სავარაუდოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეპიკაჟთან მიყავთ აქციის სხვა მონაწილეებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალში წაიყვანეს სამედიცინო დახმარების მისაღებად.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას საგანგებო სიტყუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურთან დაზიანებული მოქალაქის შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.