“აფრიკაში” 20-ზე მეტი ნაგებობა დაანგრია თბილისის მერიის სამსახურმა

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა “აფრიკის” დასახლებაში 20-ზე მეტი ნაგებობა დაანგრია. თბილისის მერი ამბობს, რომ “თაღლითური ჯგუფები” ხალხს აჯერებენ, რომ სახელმწიფო მიწაზე აშენებული ნაგებობების დაკანონება შესაძლებელია.
რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოვრობდნენ იმ ნაგებობებში, რომლებიც დღეს დილით დაანგრია მერიის სამსახურმა.
“საცხოვრებელი არ მაქვს, ქუჩაში ვარ. წვალებით და მეზობლების დახმარებით ვაშენე ეს ერთი ოთახი, რადგან შვილი ქუჩაში მყავდა. მაღაზიაში გადავედი, პური უნდა მომეტანა, ბავშვმა საჭმელი მინდაო. მეზობელს დავუტოვე ბავშვი. სანამ მოვედი, დამირეკეს, რომ სახლი დაგინგრიესო. ვეღარ მოვასწარი. ყველაფერი შიგნით მაქვს, დამილეწეს ყველაფერი. მართლა ვცხოვრობდი აქ პატარა ბავშვთან ერთად”, – ამბობს მარინა ხუციშვილი.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ “ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ”. მერმა კახა კალაძემ კი თქვა, რომ იმ ნაგებობებში, რომლებიც მუნიციპალიტეტმა დაანგრია, არავინ ცხოვრობდა.
“ამ ნაგებობების მშენებლობა დაწყებული იყო რამდენიმე კვირის წინ. ახლა კი მათი დემონტაჟი მოხდა. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები…
ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს ვეხმარებით. თუ ადამიანს საცხოვრებელი არ აქვს, ქირით გაგვყავს ან უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალურ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მერიის მუნიციპალური სამსახური უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს ანგრევს. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინ ორხევისა და “აფრიკის” დასახლებებში.

ასევე დაგაინტერესებთ