ასობით აბიტურიენტი ფაკულტეტის გარეშე დარჩა – რა ბედი ელის ასობით პირველკურსელს (ვიდეო)

ასობით აბიტურიენტი ფაკულტეტის გარეშე დარჩა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის მცოდნეობის პროგრამა წელს პირველ კურსელებს ვერ მიიღებს. 1300 აბიტურიენტს, რომელსაც აღნიშნული პროფესია ჰქონდა არჩეული, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მიუვიდა მესიჯი, რომ პროგრამაზე მიღება გაუქმდა და პრიორიტეტები უნდა შეეცვალათ. თსუ-ს ევროპისმცოდნეობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა მოულოდნელი რეაკრედიტაციაა, რაშიც განათლების სამინისტროს ადანაშაულებს.

განათლების სამინისტროდან პირველებს უთხრეს, რომ აკრედიტაციის ვადის გასვლის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო. შესაბამისად, საჭირო საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დადგენილ ვადაში უნდა წარედგინა. თუმცა უნივერსიტეტის მტკიცებით, აკრედიტაცია 2029 წლამდე იყო გახანგრძლივებული და სხვა ვადის შესახებ ინფორმაცია არ ქონიათ.

გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. აბიტურიენტთა ცნობარში მოცემული ფაკულტეტი კი წელს გაუქმებულია. ახლა მთავარი კითხვაა, რა ბედი ელის ასობით პირველ კურსელს. ექსპერტების თქმით, ეს აბიტურიენტთა უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც სამართლებრივი შედეგიც უნდა მოჰყვეს.