“არ მახსენდება თვალხილული როლი პატიმარ სააკაშვილის, ცუდი ჟესტია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას” – ოპოზიციის შეფასება სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებებს მორიგ შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში – საუბარია წერილობით ინტერვიუზე, რომელიც ექსპრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიას მისცა და რომელშიც ის ამბობს, რომ ბევრი იბრძოლა სტატუსისთვის და უამრავი სტატია გამოაქვეყნა. “მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
საერთაშორისო პრესაში სააკაშვილის ამ შინაარსის სტატიების გახსენება უჭირს ოპოზიციის ნაწილს. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტმა არათუ წვლილი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, არამედ პირიქით, ის მუდმივად ცდილობდა პროცესის დაზიანებას.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ძალიან ცუდი ჟესტია, როდესაც ქვეყნის კონკრეტულ მიღწევებზე კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას.
“არ მახსენდება ისეთი თვალხილული როლი პატიმარ სააკაშვილის ამ პროცესში. არ ვფიქრობ, რომ პატიმარ სააკაშვილს მოცემულობაში შესძლებოდა იმხელა როლის თამაში, რომ მისი დამსახურება ყოფილიყო და არა ხალხის, რომელიც, მათ შორის, მარტის აქციების დროს აპროტესტებდა იმ კანონს, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევდა. შესაბამისად, ძალიან ცუდი ჟესტია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას და საკუთარი თავისთვის კრედიტის მინიჭებას ამ კუთხით,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
განსხვავებული მოსაზრებებია “ნაციონალურ მოძრაობაში.” თინა ბოკუჩავას შეფასებით, სააკაშვილის ავტორობით არაერთი სტატია ქვეყნდებოდა.
“არაერთი სტატია ქვეყნდება პრეზიდენტ სააკაშვილის ავტორობით სხვადასხვა, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო გამოცემებში. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს აინტერესებს პრეზიდენტ სააკაშვილის აზრი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ