„არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას“ — ონლაინ მედიები
ონლაინ მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა.
მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ „რუსული კანონის“ მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე და იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს; რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი. ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
· ნეტგაზეთი/ბათუმელები
· პუბლიკა
· On.ge
· სტუდია „მონიტორი“
· ტაბულა
· პროექტი 64
· OC Media
· მთის ამბები
· ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
· ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
· Tok Tv
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.