“ქართული ოცნების” წევრი, მომღერალი არჩილ ბერიძე რობიკო სტურუას სპექტაკლ “ვეფხსიტყაოსანს” “თავიდან დაბადებას” უწოდებს. ბერიძის შეფასებით, რეჟისორმა რუსთაველის თეატრის სცენაზე “ქართული სულის და ქართული იდენტობის საოცარი აღდგენა” მოახდინა.
როგორც “ოცნების” წევრი ამბობს, შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების “ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება”.
გულწრფელად ვიტყვი, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი, ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე. დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების, ვეფხისტყაოსნის ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება. ეს იყო დიდი დაბრუნება არამხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ. მან სცენაზე არამხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს. წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ შემოქმედების გზა” – თქვა ოცნების დეპუტატმა არჩილ ბერიძემ.
მიმდინარე წლის 6 აპრილს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – “ვეფხისტყაოსნის” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.
სპექტაკლს საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.




