არქიმანდრიტი იორომიელი: გასაკვირია თუ ვის მოუვიდა თავში იმ მთის მთლიანობის ასე ვანდალურად დარღვევა, რომელიც გზაგამტარობისათვის იქნა განსაზღვრული მისი მოხერხებულობის გამო

ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი იორომიელი:

მივმართავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას. გუშინ მოგვიწია ცხაწყაროს უღელტეხილზე გადასვლა და ერთი უცნაური მოვლენის შემსწრენი გავხდით. ზუსტად იმ ფერდის თავზე, რომელსაც საუღელტეხილო გზა მიუყვება, თხრიან და გამოაქვთ მიწა. მიწას ალბათ თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ გასაკვირია თუ ვის მოუვიდა თავში იმ მთის მთლიანობის ასე ვანდალურად დარღვევა, რომელიც გზაგამტარობისათვის იქნა განსაზღვრული მისი მოხერხებულობის გამო. ცუდი შედეგი უკვე დადგა. გუშინდელი უამინდობის გამო, როცა დიდი ნალექი მოვიდა წვიმისა და სეტყვის სახით, კარიერში ჩაგროვდა დიდი რაოდენობით წყალი, რასაც მეწყერული პროცესები მოჰყვა. ჩამოიშალა და დაიმეწყრა გზები, რამაც გამოიწვია გამტარუნარიანობის შეზღუდვა. სამწუხარო კი უფრო ის არის, რომ ეს პროცესები უკვე აღარ და ვეღარ შეჩერდება და ზამთრის შემდეგ შეიძლება მთლიანად წაიღოს გზები მეწყერმა და ღვარცოფმა. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ სხვა მხრიდან მიდგომოდნენ ამ მთას, ან სულაც სხვა ადგილი ენახათ მიწის გამოსაღებად? მით უფრო, როცა ცოტა მოშორებითაც ვნახეთ მსგავსი კარიერი. კარგია იმის სურვილი, რომ ყველაფერი გზასთან ახლოს იყოს, მაგრამ ისე ხომ არ უნდა მოვიქცეთ, რომ ხვალ ეგ გზა საერთოდ აღარ გვქონდეს? საქართველოს ბარსაც და მთასაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.