არმაზ ახვლედიანი – მნიშვნელოვანია, ჭრილობა, რომელიც სახეზეა ამერიკა-ევროპისა და ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებში, მოშუშდეს – ვხედავთ დღისით, მზისით, რომ აშკარა ცვლილებებია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან

ივანიშვილმა გათვალა, იქნებ ისე მოხდეს, ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ საქართველოს და უკრაინის საკითხი აღარ იყოს აქტუალური, ჯერჯერობით ჩანს, რომ ერთი, დიდი პაუზაა და ვერ ვიტყვით, საით შეიძლება შებრუნდეს საქმე , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინისგან თავის დაღწევა პრაგმატული გათვლებით შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს აშშ-ისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია უპირველესად თავად აშშ-ისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ ჭრილობა, რომელიც სახეზეა ამერიკა-ევროპისა და ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებში, მოშუშდეს. ჩვენ ყველა ვხედავთ, დღისით, მზისით, რომ აშკარა და მნიშვნელოვანი ცვლილებებია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ის მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე ვიცოდით, რასაც ვხედავდით და ხდებოდა უკრაინასთან, ევროპასთან და პუტინთან მიმართებაში. ამის მიუხედავად ეს მე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, სახეზეა რადიკალური გადახედვა ურთიერთობისა აგრესორთან, რომელიც კვლავაც პუტინია და მას ვერ უარყოფს ვერავინ, ვერც ტრამპი. მისი რიტორიკა დღეს შეიძლება ეს არის, მაგრამ რიტორიკით მე არ განვსჯიდი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეალური პოლიტიკით ანუ ქმედებების მიხედვით. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს განცხადებები, მათ შორის განცხადება დახმარების დაპაუზებასთან დაკავშირებით. ცხადია, ორივე მხარეს შეეძლო, აქამდე საქმე არ მისულიყო, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია, პუტინი არ ეომება ზელენსკის, ის იბრძვის იმისთვის, რომ უკრაინა ვერ შედგეს დამოუკიდებელ, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოდ. რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა ზელენსკი იქნება უკრაინის პრეზიდენტი თუ სხვა, თუკი პრეზიდენტი იქნება თავისუფლების მოყვარე, ევროპული უკრაინის მომხრე.
დღეს შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინისგან თავის დაღწევა პრაგმატული გათვლებით რაღაცას ნიშნავდეს აშშ-ისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია უპირველესად თავად აშშ-ისთვის. ამერიკა, როგორც სახელმწიფო იდეა, ამ ახალდაწყებული რიტორიკის და ექსპერიმენტების ფონზე, შეიძლება სრულიად სახეშეცვლილი ვიხილოთ. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამერიკის დამფუძნებელი მამების და მრავალსაუკუნოვანი, საერთაშორისო თუ შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური თუ გლობალური პოლიტიკის საფუძვლებს. მეორე მხრივ, არა დღეს, მაგრამ უახლოეს ხანებში ძალიან ავნებს აშშ-ს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული