“არა მგონია რომელიმე თავმოყვარე ლინგვისტმა გაიმეოროს ის, რაც ენათმეცნიერების დირექტორმა თქვა. მით უმეტეს, როცა კვლევაც კი არ ჰქონდა ნანახი”

“არა მგონია რომელიმე თავმოყვარე ლინგვისტმა გაიმეოროს ის, რაც ენათმეცნიერების დირექტორმა თქვა. მით უმეტეს, როცა კვლევაც კი არ ჰქონდა ნანახი”, – ასე გამოეხმაურა ენობრივი პოლიტიკის მკვლევარი, შალვა ტაბატაძე ნანა მაჭავარიანის განცხადებას.
ტაბატაძე ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ მარინა ბერიძესთან ერთად ერთ-ერთია იმ 4 მეცნიერს შორის, რომელმაც რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი ჩაატარა. შესაბამისი კვლევა უახლოეს მომავალში დაიბეჭდება და გამოქვეყნდება, მათ შორის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ინსტიტუტის პოზიცია არ ემთხვევა კვლევის ინიციატორის, მარინა ბერიძის პოზიციას, რომელმაც დოკუმენტის მთავარი მიგნებები საკონსტიტუციო სასამართლოში, რუსული კანონის გამწესრიგებელ სხდომაზე წარადგინა.
უფრო მეტიც, მაჭავარიანის თქმით, “რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე” და რომ ეს “არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული”. სწორედ ამ ფრაზას გამოეხმაურა შალვა ტაბაბატაძე.
რა ხდება?
სამმა ენათმეცნიერმა – მარინა ბერიძემ, კახაბერ გაბუნიამ და ზაქარია ფურცხვანიძემ, ასევე ენობრივი პოლიტიკისა და სოციო-ლინგვისტიკის მკვლევარმა, შალვა ტაბატაძემ ჩაატარეს საქართველოში მიღებული რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი. სამუშაო, რომელიც ავტორების ინფორმაციით, თითქმის 2 თვე გაგრძელდა, მოხალისეობრივად შეასრულეს ანაზღარების გარეშე. კვლევის ინიციატორი მარინა ბერიძეა – ენათმეცნიერი, რომელსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით გამოსვლა სთხოვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.