„არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული პროგრამა/აპლიკაცია საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, ის აგროვებს და ФСБ-ს გადასცემს მონაცემებს“ - ანდრო გოცირიძე

„არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული პროგრამა/აპლიკაცია საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, ის აგროვებს და ФСБ-ს გადასცემს მონაცემებს“ - ანდრო გოცირიძე
„არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული აპარატურა, პროგრამა და აპლიკაცია საფრთხის შემცველია საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე წერს.
ანდრო გოცირიძე ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დადასტურდა Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი.
„როგორც იქნა, ოფიციალურად დაადასტურეს ის, რაც აქამდეც ვიცოდით და ვამბობდით ყველა შესაძლო არხით. სამწუხაროა, რომ ოფიციალური უწყების მხრიდან აქამდე არც ერთი მინიშნება ან გაფრთხილება არ ყოფილა რუსულ მოსალოდნელ საფრთხეზე.
რა ხარისხის და რა ეფექტის მქონე სპეცოპერაცია შეიძლება დაიგეგმოს მობილურ მოწყობილობებზე კიბერშეტევის შედეგად, ეს ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებამაც აჩვენა. აქ კითხვა მხოლოდ ის არის, აქვს თუ არა რუსეთს ჩვენს მიმართ მტრული განზრახვა და შესწევს თუ არა მსგავსი კიბეროპერაციის ჩატარების უნარი. ორივე შეკითხვაზე პასუხი სამწუხაროდ დადებითია.
კიდევ ერთხელ, არა მარტო იანდექსი, ნებისმიერი რუსული აპარატურა, პროგრამა და აპლიკაცია საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. ის აგროვებს და ФСБ-ს (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური) გადასცემს მონაცემებს, მიმოწერას, ფაილებს, სურათებს, კოორდინატებს, ყველაფერს, რაც კომპრომეტაციისთვის, თვალთვალისთვის ან ტერორისტული აქტისთვისაა აუცილებელი და საკმარისი“, - წერს ანდრო გოცირიძე.
ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex GO-სა და Yandex Pro-ს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის ფაქტზე, კომპანია „რაიდტექ ჯორჯია“ დააჯარიმა. შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.