ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“არავინ მეუბნება, როგორაა ჩემი ქმარი საავადმყოფოში” – აფგან სადიგოვის ცოლი

“არავინ მეუბნება, როგორაა ჩემი ქმარი საავადმყოფოში” – აფგან სადიგოვის ცოლი

თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ამ დრომდე მისთვის არავის უცნობებია ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
როგორც სევინჩ სადიგოვა ამბობს, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ვთხოვე, დამალაპარაკეთ ჩემს ქმარს, ხმა გავიგო. ვერ დაგალაპარაკებთო. ალბათ, ძალიან ცუდადაა. გვიან ღამით დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი, ვინ იყო. მითხრა, ციხიდან ვრეკავ და თქვენი ქმარი ცუდად გახდაო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთოდ არ ვიცი, ახლა იქ რა ხდება. ისიც არ ვიცი, ცოცხალია ახლა თუ არა. არც კი ვიცი, რომელი საავადმყოფოა, მაგრამ ციხის თანამშრომელმა მითხრა, რომ ის გლდანში მდებარეობს. ადვოკატები დღეს დილიდანვე წავლენ. მეც უნდა წავიდე, თუმცა, არ ვიცი, შემიშვებენ თუ არა.” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა.
კლინიკაში სავარაუდო გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე სევინჩ სადიგოვა ამბობდა, რომ შიმშილობის მე-17 დღეს მის ქმარს აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
“მისი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა. ეს ყველაფერი კი აზერბაიჯანში უკანასკნელი დაპატიმრების დროს 242- დღიანი შიმშილობის შედეგია. ის არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შიმშილობა შეძლოს, თუმცა ამბობს, რომ თუ სახელმწიფოში კანონი არ მუშაობს და მხოლოდ პოლიტიკურ ბრძანებებს ასრულებენ, სხვა გზა არ არსებობს. სწორედ ამიტომ შიმშილობს ის. აფგანს გადაადგილებაში ეხმარებიან, რადგან დამოუკიდებლად სიარული აღარ შეუძლია. მისი ჯანმრთელობა განადგურებულია”.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.