ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არაგვის“ ნაცვლად 5 ცათამბჯენი - რისი აშენება იგეგმება 16 წლის წინ დანგრეული რესტორნის ადგილზე

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის „არაგვის“ ტერიტორიაზე ხუთი მულტიფუნქციური ცათამბჯენის აშენების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე მოთხოვნა მერიაში უკვე წარდგენილია.
2008 წელს დანგრეული რესტორნის მიწის ნაკვეთის და მიმდებარედ 58 859 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი შპს „სითი ცენტრი“და შპს „სითი ცენტრი 2“ -ია, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.
„ტერიტორიის არეალი არის 58 859 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით მიუყვება ჰეიდარ ალიევის სანაპირო, დასავლეთით მდებარეობს ცირკის შენობა, ჩრდილოეთით - „ქინგ დევიდის“ რეზიდენციები, ხოლო სამხრეთით - გმირთა მოედანი და ლაგუნა ვერე.
საპროექტო ტერიტორიას აქვს არაერთგვაროვანი რელიეფი - ცენტრალური ნაწილი არის ბრტყელი, ხოლო აღმოსავლეთით არსებული ფერდობი არის ქანობიანი - საშუალოდ რელიეფი მერყეობს 390-დან 430 ნიშნულებამდე.
დღეის მდგომარეობით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით (#39-18), საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1.
შეზღუდვების მიხედვით არეალს ფარავს ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები, ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, ჯიხურების აკრძალვა და გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი.
საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის სრულად საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად განვითარება, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების განთავსების მიზნით. დაგეგმილია 5 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 210მ. ხუთივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით. შენობების დეტალური პროცენტული გადანაწილება დაზუსტდება გრგ-ს შეთანხმების ეტაპზე, შესაბამისად შენობების ფუნქციური პროცენტულობის ცვლილების შესაბამისი 4%-იანი მოსაკრებლის ოდენობაც დაზუსტდება გრგ-ს შეთანხმების ეტაპზე. საპროექტოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა ავტოსადგომი განთავსდება მიწისქვეშ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კომპანია „სითი ცენტრი“ საჯარო რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი აკაკი სონღულიაა, რომელიც ამავე დროს "ალიანს ჯგუფის” დამფუძნებელია.
„სითი ცენტრის“ 100%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია „სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი“ (SOFITSA HOLDINGS LIMITED). „სითი ცენტრ 2“- ის მფლობელი კი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი.“-ია, დირექტორი გიორგი შეყრილაძე.
წლების წინ ბიზნესმენ რომან ფიფიას კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპში“ აცხადებდნენ, რომ „სითი ცენტრი“ მათი ჰოლდინგის ნაწილი იყო.
რომან ფიფიას კომპანია ყოფილი რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე თავდაპირველად სასტუმრო „ჰაიატის“ აშენებდა, რომელიც 2011-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 2014 წლამდე გადაიწია, მაგრამ მშენებლობა აღარ გაგრძელებულა.
რამდენიმე წლის შემდეგ, „ლოიალ კაპიტალ გრუპმა“ ახალი პროექტი მოამზადა და მერიას დასამტკიცებლად წარუდგინა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, მინდია გადაევი ამბობდა, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო, საცხოვრებელი ფართები და ფინანსური ცენტრი უნდა მოწყობილიყო, მაგრამ თბილისის მერიის მხარდაჭერა ამ პროექტმა ვერ მოიპოვა. მას შემდეგ პროექტი აღარ განახლებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.