ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტონიო კოშტა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ბრძოლაში - გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას

ანტონიო კოშტა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ბრძოლაში - გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას

სუვერენულ ერს სასტიკად დაესხა თავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - რაც გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევაა. სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისა და საკუთარი ბედის არჩევის უფლების აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გაერო-ს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში შემავალ ყველა ქვეყანას.
„თუ ჩვენ მივიღებთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ვერცერთი ქვეყანა ვერასდროს იქნება უსაფრთხო. ამ ომის მხოლოდ ერთი ძირითადი მიზეზი არსებობს - რუსეთის უარი, აღიაროს უკრაინის უფლება, აირჩიოს საკუთარი ბედი. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ომმა შეიწირა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, გაანადგურა ქალაქები და გააძლიერა გლობალური დაუცველობა. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება უკრაინის მდგრადობასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა კოშტამ.
მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ბრძოლაში.
„მათ მცდელობებში, შეწყვიტონ მკვლელობები და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან, მათ მომავალ რეკონსტრუქციაში, მათი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მომავალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათ გზაზე“, - აღნიშნა კოშტამ.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს.
„გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, რათა ეს ომი დასრულდეს. მოვუწოდებთ შინაარსიანი მოლაპარაკებებისკენ, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. ეს მხოლოდ უკრაინის ბრძოლა არ არის. ეს არის ბრძოლა იმ პრინციპებისთვის, რომლებიც ყველასთვის ძვირფასია“, - აღნიშნა კოშტამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.