ანტონიო გუტერეში - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა ვერ მოახერხა, მისი ავტორიტეტი და სანდოობა სერიოზულად შეირყა, მაგრამ არ დავნებდები
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა, მიანიშნებს, რომ ორგანიზაცია პარალიზებულია.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტი და სანდოობა სერიოზულად შეირყა, მაგრამ შემიძლია, დაგპირდეთ, რომ არ დავნებდები“, - განაცხადა გუტერეშმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.
კენჭისყრის ჩატარება ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა, რომელიც იშვიათად გამოიყენება იმისთვის, რომ საბჭოს ყურადღება მიაპყროს ნებისმიერ საკითხს, რომელიც, შეიძლება დაემუქროს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.