ანტისაოკუპაციო მოძრაობა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრებს აქვეყნებს
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრებს აქვეყნებს. როგორც ქაცარავა Facebook-ზე წერს, ვიდეო და ფოტო მასალა მათ სოხუმიდან მიაწოდეს.
ქაცარავა წერს, რომ სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ადგილზე მალე რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება და ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა.
"რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის სამხედრო პორტად გადასაქცევად. მ/წ ის დასაწყისშიც გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირეს პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი.
ხოდა, მუშაობენ რუსები. ამზადებენ პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად. კი, მუშაობენ ორკები. მალე იქ რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება. ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა", - წერს ქაცარავა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.