ანიტა ჰიპერი – საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და რეალობას შეხედოს, ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს – როცა დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიაში, ოპონენტების დაპატიმრების საჭიროება არ გაქვს

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, როგორ აფასებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ დაკავებებს მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით, ასევე, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „მორალურად და პოლიტიკურად ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“.
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევის წესში, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ თქვენი ოპონენტები, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ უდანაშაულო ადამიანები“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზოგადოებასთან დიალოგს დაუბრუნდეს.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყველა ფორმისა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია”, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…