ანექსირებული სევასტოპოლიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
უკრაინის ქალაქ სევასტოპოლიდან, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
პირველი ცნობა დღეს, 9 აგვისტოს გამთენიისას, ტელეგრამით გაავრცელა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მისი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზღვის თავზე რამდენიმე უკრაინული დრონი უკვე ჩამოაგდეს.
რაზვოჟაევის თანახმად, „ყველა სამსახური მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში“. ე.წ. გუბერნატორმა სევასტოპოლის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდა.
დღეს უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის ლიპეცკის ოლქის ხელისუფლებამაც. მის მიერ დადასტურებულია ხანძარი ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე და ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.
უკრაინას ლიპეცკსა და სევასტოპოლზე შეტევის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.