ძალიან სამწუხარო არის, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში. მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი, ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა.
ამასთან, მან 2023 წელს მომხდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ახლა პირველად აჟღერებს.
„არ გავახმაურეთ თავის დროზე, საპატრიარქომ არ გაახმაურა იმიტომ, რომ საზოგადოებაში 2023 წელს ისედაც ძალიან დიდი პოლარიზაცია იყო და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ამაზე გავჩუმებულიყავით, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოგვეწვია საზოგადოებაში.
საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საპატრიარქოში. ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა და მათთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში.
აი, წარმოიდგინეთ, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო ჩვენის მხრიდან. არსებობს ამის ფოტო მასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გვითხრა ჩვენ.
ამ ლგბტ დღის წესრიგიდან მოვუყვანე ერთი იმ დროს ძალიან გახმაურებული შემთხვევა და ვუთხარი, რომ თქვენმა ლგბტ დღის წესრიგმა მოიტანა ეს შემთხვევა, როდესაც სპორტული შეჯიბრების დროს ქალი სპორტსმენი, ბოქსიორი რინგზე ისე სცემა ტრანსგენდერმა, რომ ინვალიდად დატოვა ეს ქალი და ცხარე ცრემლით ტიროდა, იტალიელი სპორტსმენი იყო მგონი, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის, კაცი გავიდა რინგზე და დაასახიჩრა, მოტეხა ყბა”, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.
კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ამ პასუხზე სტუმარს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ამაზე პასუხი არ ჰქონდა.
„მან თქვა, რომ მე აქ დისკუსიისთვის არ ვარ მოსულიო, დასტაცა თავის ფურცლებს ხელი რაც ჰქონდა და წავიდა, პასუხი არ ჰქონდა, ამაზე რა პასუხი შეიძლებოდა, ჰქონოდა”, – განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, ამის მერე ფაქტობრივად არ ახსენდება, რომ ევროპის წარმომადგენლები მისულიყვნენ საპატრიარქოში.
“ახლა, რაც საქართველოს ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, კვლავ განახლდა ეს ურთიერთობები საელჩოებთან და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები არის”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.




