ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა ნაცვლიშვილი - არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ კრემლში დაწერილ სცენარს! - ეს იყო არჩევნების მიტაცება, ამ დანაშაულზე თვალებს არ დავხუჭავთ, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე, დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება

ანა ნაცვლიშვილი - არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ კრემლში დაწერილ სცენარს! - ეს იყო არჩევნების მიტაცება, ამ დანაშაულზე თვალებს არ დავხუჭავთ, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე, დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება

ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ - ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს! , - ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა, “თუ როგორ ჩამოშლიან ამ სისტემას”.
“26 ოქტომბერს, თქვენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვეს პროდასავლელმა ქართველმა პატრიოტებმა, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი ახლა ცდილობს, გამარჯვება წაგვართვას, ქურდულად მოგვპაროს და ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. გამარჯვება გეკუთვნით თქვენ! გამარჯვება ეკუთვნის იმ ასობით ადამიანს, ვინც ახლა რეგიონებში რჩება და იცავს თქვენი ხმის უფლებას. ასევე, გამარჯვება ეკუთვნის იმ ათასობით ემიგრანტს, რომლებმაც ძალიან რთული ბარიერი გადალახეს იმისთვის, რომ აქ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი საათობით რიგებში იდგნენ, რათა თავისი ხმით გაეძლიერებინათ აქ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და მათ არჩვენეს ყველაზე მკაფიო სურათი. საზღვარგარეთ, იმ უბნებში, სადაც ვერ მიწვდა რუსული სპეცსამსახურების ხელი, სადაც ვერ მიწვდა სუს-ი და ვერ მიწვდა, ასევე, ამათი მოსყიდვის ბინძური სისტემა - “ქართული ოცნება” სამარცხვინოდ დამარცხდა.
საზღვარგარეთიდან ჩამოსული ოქმები არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება, თავისუფალ გარემოში ვინ გაიმარჯვა და თავისუფალ გარემოში თქვენ გაიმარჯვეთ და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა. ამიტომ ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს!
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ძალიან მეთოდური, სისტემური, მიზანმიმართული, საქმიანი ნაბიჯებით, თუ როგორ ჩამოვშლით ამ სისტემას. ეს იყო არჩევნების მიტაცება. მინდა ყველამ იცოდეს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამ დანაშაულზე ჩვენ თვალებს არ დავხუჭავთ! არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც მათ არჩევნები მიიტაცეს. ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროვებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში, თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ თქვენ ამ სიებს გაასაჯაროვებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროვებთ, იმ დიდ დასტას მტკიცებულებებისა დაემატება, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს, თქვენი დანაშაულის სამხილებლად. ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.