ანატოლი ბიბილოვის პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ერთიანი ოსეთი“ ავრცელებს.
პარტია აცხადებს, რომ ე.წ „პარლამენტში“ არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“.
პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ.
„განსაკუთრებით გვსურს ავღნიშნოთ ვლადიკავკაზში გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალური გზით მელანი შეცვალა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი შედეგების აღიარება ჩვენი ხალხის მიმართ დანაშაულია და ღალატი. ვლადიკავკაზში შედეგის აღიარება შენი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვლადიკავკაზში მდებარე უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოვითხოვთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველა ე.წ. საარჩევნო უბნის შედეგი არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასმა“ განაცხადა, რომ ე.წ. „პარლამენტში“ მანდატების უმრავლესობას მიიღებენ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულულ საზღვრებში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ