ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება - დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება.
BMG-ის კითხვაზე, რატომ გვიანდება პროცესი, დავითაშვილმა განმარტა, რომ ეს დრო დიალოგს და საკითხების დაზუსტებას დასჭირდება, რათა ინვესტორის წინადადება სრულ შესაბამისობაში იყოს სატენდერო მოთხოვნებთან.
რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მხრიდან განცხადებებს, პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობის რისკებთან დაკავშირებით, დავითაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი დიალოგია და მათი ინფორმირება ხდება.
„ამაზე რა თქმა უნდა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი. მეც უშუალოდ. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე [CCCC-ზე] იყო საუბარი. ჩვენ გვყავს china harbour investment-ი, მეორე კომპანია, ასევე გვყავს რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და ასევე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციის, მათ შორის ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა. ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ ამ პორტის და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული კომერციული ინტერესები. ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალურად პასუხისმგებლობით. რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომლებზეც მქონდა საუბარი საჯაროდაც, იმისთვის, რომ სრულად შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ მაშინ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობას“,- თქვა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების ნაწილს, ლევან დავითაშვილის თქმით, საკითხზე მუშაობა საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად მიმდინარეობს და დეტალების დაზუსტებას ერთი ან ორი კვირა დასჭირდება.
„თქვენ იცით, რომ გვყავს ბელგიური საერთაშორისო საინჟინრო კომპანია, რომელიც არის სამშენებლო ნაწილში ჩვენი კონსულტანტი, რომელიც აზუსტებს დეტალებს და ვფიქრობთ, რომ ამას დასჭირდება ერთი ან ორი კვირა. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ბუნებრივია, ჩვენ გვინდა ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“,- თქვა ვიცე-პრემიერმა.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.