“ამ ფარსში მონაწილეობა არ გვსურს, თუმცა ვალდებულები ვართ მოვიდეთ, ალბათ პარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატი გადაინაცვლებს მინისტრის სავარძელში” – ოპოზიციის შეფასებები სამთავრობო ცვლილებებზე

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, დაგეგმილ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება საკითხს, დაესწრებიან თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტში დამტკიცების პროცესს, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ დაესწრებიან, რადგან კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემენ.
“სამთავრობო კარუსელის კონფიგურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, თუ როგორ წარიმართება პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რასაც პარლამენტის რეგლამენტი გვანიჭებს. სხვებისგან განსხვავებით ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას პატივს ვცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესოც კი არ იქნება ეს პროცესები, ისე წარიმართება,” – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც. როგორც დავით ხაჯიშვილმა თქვა, ისინი კრიტიკული შეკითხვების დასმას გეგმავენ.
“ამ ფარსში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ გვსურს, თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ მოვიდეთ, მოვუსმინოთ და კრიტიკული კითხვებიც დავსვათ. შესაბამისად, ვნახავთ, რომ კიდევ ერთხელ გაშიშვლდებიან პოლიტიკურად ჩვენი ოპონენტები. ალბათ პარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატი გადაინაცვლებს მინისტრების სავარძელში,” – ამბობს ენმ-ის წევრი დავით ხაჯიშვილი.
“ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა 2 დღში გაიმართება. სწორედ პირველი თებერვლის შემდეგ წარადგენს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ყრილობაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, პრემიერობის კანდიდატი გუნდთან ერთად შეხვდება ოპოზიციასა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დგება. საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. პირველი თებერვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით