ამერიკელი კანონმდებლები გამოდიან რუსი ოპოზიციონერის, კარა-მურზას გათავისუფლების მოწოდებით
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებიდან ორი წლისთავზე (მის პატიმრობას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს) აშშ-ის კანონმდებლები აცხადებენ, რომ თავიანთი "მეგობარი" არ დავიწყებიათ.
9 აპრილს ვაშინგტონში ორგანიზებულ კონფერენციაზე კანონმდებლებმა თქვეს, რომ კარა-მურზასთვის იბრძოლებენ მის გათავისუფლებამდე. მათ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდეს, კარა-მურზას არამართებულად დაპატიმრებულის სტატუსი შეუფარდოს.
"ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისთვის მუშაობას, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადა კონგრესის ადამიანის უფლებების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯიმ მაკგავერნმა. "გავაგრძელებთ ხმის ამაღლებას. გავაგრძელებთ ამგვარი შეხვედრების მოწყობას მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით", - უთხრა მაკგავერნმა თავშეყრილ საზოგადოებას. კონფერენციას ესწრებოდნენ კარა-მურზას ცოლი ევგენია და მათი ორი შვილიც.
ვლადიმირ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს დააპატიმრეს, მაშინ, როცა იგი რუსეთში დაბრუნდა აშშ-სა და ევროპაში გამართული შეხვედრებიდან. ამ შეხვედრებზე მან უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.