ალეკო ელისაშვილი „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ 31 ივლისს „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისში მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს

“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“ თანდათან სჯობნის ტყუილებში „იმედს“ და „პოსტ ტვ-ს“. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ – ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, „აღდგომა და ხვალეო“, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ „ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა“.
„31 ივლისს დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტს.
გარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
„თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის პირველი დონის ხელისუფლება. ყველაზე მეტად ხალხს რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიამ. ჩვენი, მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, რომ არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი და თან ფული მოიპაროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია