„ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება“ – მემკვიდრეობის პლატფორმა

„ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის – ალავერდის კომპლექსის – ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობით სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.“ – ამ განცხადებით „მემკვიდრეობის პლატფორმა” ალავერდის მონასტრის უშუალო სიახლოვეს მშენებარე სასტუმროს საკითხს ეხმაურენქა და სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.
„შეფასების მიხედვით, რომელიც მემკვიდრეობის პლატფორმის ინიციატივით ჩატარდა, ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობით იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259.2-ე და 259.3-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც, რაც შესაბამისი გამოძიების ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. 2007 წლიდან, ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში, ალავერდის ეკლესიის ტერიტორიაზე, კომპანია „ბადაგონი” პრემიუმ კლასის სასტუმრო – Alaverdi Resort-ის მშენებლობას გეგმავდა.
გარემოს დაცვისა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. პრემიუმ კლასის სასტუმრო – Alaverdi Resort-ის ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, ხოლო 32-ნომრიანი სასტუმრო წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებდა.