,, აი, ამიტომ გვძულს ციხეში დღესასწაულები” – რეზო კიკნაძე

20
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,დღესასწაულები
ციხეში დღესასწაულები გძულდება. რა უცნაურია, არა? ყველას უხარია დღესასწაული, შენ კი ამ დროს გეზიზღება საკანში ყოფნა. ოღონდ განა იმიტომ გძულს, რომ სხვებს უხარიათ — რა სისულელეა… არა, რა თქმა უნდა.
გძულს იმიტომ, რომ რატომღაც ციხის წესების შემდგენლებს ჰგონიათ, ჩვენც გვედღესასწაულება და შვებულებაში ვართ. ყველაფერი ისვენებს აქ მაგ დროს: ვერც წერილებს აგზავნი და, შესაბამისად, ვერც იღებ; ვერც ადვოკატი შემოვა, ვერც რაიმეს შემოგიგზავნიან, არც პაემნებია. ზოგჯერ ექიმი ან თაბახის ფურცელი რომ მოითხოვო, შეიძლება გითხრან: შვებულებაშია ექიმი და სოც. მუშაკი, ერთი კვირა მოიცადეო
ყველანაირად ხომ ისედაც მოწყვეტილი ხარ ცხოვრებასა და ხალხს და ეს მოწყვეტა და იზოლაცია ზუსტად დღესასწაულების დროს აღწევს ყველაზე მაღალ ნიშნულს. აი, ამიტომ გვძულს ციხეში დღესასწაულები. ერთი სული გვაქვს, როდის დასრულდება ხოლმე.
აი, მაგალითად, 8 აპრილიდან 15 აპრილამდე მსგავსი გვალვა იყო…“