„ავტომფლობელებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯი და რისკია“ - რას გამოიწვევს ტექდათვალიერების გაძვირება?
ტექნიკური პერიოდული დათვალიერების საფასური ძვირდება. 2025 წლიდან ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ, დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება, - ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
ტექინსპექტირების კავშირში ამბობენ, რომ ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციები აქვთ და სავარაუდოდ განახლებული ტარიფები ძალაში 2025 წლიდან შევა.
„5 წელია დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა, აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, რომ საფასური გადაიხედოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებიდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 57-59% შეადგინა, რაც კატასტროფულად მაღალი მონაცემია. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ამიტომ ინსპექტირების საფასურის 30 ლარით გაძვირება ამ ფაქტორსაც უკავშირდება“,- აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.
დარგის ექსპერტი ლაშა დარბაისელი „კომერსანტთან“ ამბობს, ეს იქნება ზედმეტი ფინანსური ხარჯი ავტომფლობელებისთვის და კიდევ უფრო მეტი მძღოლი ეცდება თავი აარიდოს ავტომობილის შემოწმებას.
„ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს გარდა იმისა, რომ ეს არის უბრალოდ ავტომფლობელებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯი და რისკი, რომ უფრო მეტი მძღოლი აარიდებს თავს ტექნიკურ დათვალიერებას.
ეს იქნება ზედმეტი სარგებლის მიღება ცენტრებისთვის. მესმის, ბიზნესია და მისი გადასაწყვეტია, გაზრდის თუ არა გადასახადს. რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა არ უნდა იმუშაოს წაგებაზე ან ნულოვან მოგებაზე. გასათვალისწინებელია, რა მიზეზით ხდება მოგების მიღება. თუ იმ მიზეზით, რომ რაიმე გამოსწორდეს, ეს არის საერთოდ სხვა რამ, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების გაძვირება თუ იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ ბიზნესს უჭირს, წაგებაზე მუშაობს და ამიტომ სჭირდება დამატებითი შემოსავალი, ეს სულ სხვა ამბავია.
ავტოპარკი არის გასაახლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი და მეტი ავტომობილი ვეღარ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას.
ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მოსახლეობას. არა თუ ჯარიმები და გადასახადები უნდა გავზარდოთ, პირიქით – საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, მათ მდგომარეობაში შევიდეს, რომ მაქსიმალურად, როგორმე იქნებ მოხდეს ისე, რომ მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე არ სცადონ პრობლემის გამოსწორება. ჩემი აზრით, მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. ეს იქნება ზედმეტი ფინანსური სარგებლის მიღება კონკრეტული სუბიექტებისთვის მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
ცნობისთვის, ამჟამად ტექინსპექტირება მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარი ღირს, სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილის შემთხვევაში - 100 ლარი, ელექტრომობილის - 48 ლარი, ხოლო მისაბმელიანის - 60 ლარი.
განმეორებითი ტექინსპექტირება კი მსუბუქის შემთხვევაში 20 ლარია, სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილის შემთხვევაში - 30, ელექტრომობილის - 15 ლარი, ხოლო მისაბმელიანის - 20 ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.