ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები - რაფაჰში ისრაელის სახმელეთო შეტევა კატასტროფული იქნება
ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ისრაელი გააფრთხილეს, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სახმელეთო შეტევის დაწყება კატასტროფული იქნება.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ისრაელი გეგმავს სახმელეთო შეტევას რაფაჰში“, - ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედება ტერიტორიაზე, სადაც თითქმის 1.5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს, კატასტროფული იქნება.
ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრებმა გაიხსენეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაავალა ისრაელს უზრუნველყოს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ღაზაში.
„სასწრაფოდ საჭიროა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი და რომ ღაზაში მყოფი ისრაელის ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.