ავიაციის სააგენტოს ფორმალური რეორგანიზაციის გზით თანამშრომლის გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გათავისუფლებული ზურაბ კოპლატაძის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართა “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”. კოპლატაძე 2011 წლიდან იყო სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და მისი რეალური საფუძველი გახდა, ერთი მხრივ, კოპლატაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მხრიდან ხელისუფლების გარკვეული გადაწყვეტილებების კრიტიკა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დეპარტამენტის უფროსის გათავისუფლების მექანიზმად გამოიყენეს და მას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. „2023 წლის 11 ივლისს სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც შემცირდა მხოლოდ ერთი შტატი, საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, რომელსაც ზურაბ კოპლატაძე იკავებდა. თავად დეპარტამენტი გაუქმდა და მისი ფუნქციები სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა შეითავსა. 2023 წლის 9 აგვისტოს კი რეორგანიზაციის საფუძვლით ზურაბ კოპლატაძე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი იყო ფორმალური და ვერ პასუხობდა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს არ წარმოუდგენია არანაირი დასაბუთება, თუ რომელმა ფაქტორებმა მოითხოვა აღნიშნული ცვლილების განხორციელება და უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მქონე დეპარტამენტის გაუქმება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დეპარტამენტის ყველა ფუნქცია შენარჩუნდა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაეკისრა. საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის გაუქმების ერთადერთი მიზანი მისი ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო. აღნიშნული დეპარტამენტის ყველა სხვა თანამშრომელი გადაყვანილ იქნა სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ხოლო სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი დარჩა უცვლელი”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის ინსტრუმენტი, ისევე როგორც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც გამოიყენეს იმ რეალური მიზეზის შესანიღბად, რაც უკავშირდებოდა ზურაბ კოპლატაძის განსხვავებულ მოსაზრებებს სააგენტოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე – მათ შორის, კრიტიკულ პოზიციას რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე, რასაც საჯაროდაც აფიქსირებდა.
ორგანიზაცია მოუწოდებს:
სასამართლოს – სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით, დროულად განიხილოს ზურაბ კოპლატაძის გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი;
საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი უმოქმედობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან.
რადიო თავისუფლება ცდილობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
10 მაისს ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, საქართველოს მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას