ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ღირსების ორდენზე წარდგენილ ყველა პირს დააჯილდოებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სექტემბერში პირადად დააჯილდოებს ღირსების ორდენსა და მედალზე წარდგენილ ყველა პირს. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინ ფეხბურთელებს თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ.
„სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
16 ივნისს კალაძემ ზურაბიშვილს უსაყვედურა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სიიდან, რამდენიმე პირი არ მოხვდა ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოებულთა სიაში.
დაჯილდოებულთა შორის არ იყო 13 ადამიანი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი), კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან.
პრეზიდენტის 23 მაისით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა შორის არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს. დაჯილდოვდა მთავარი მწვრთნელი და სამი მწვრთნელი.
ღირსების ორდენი, ასევე, გადაეცათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივანს დავით მუჯირს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს.
ღირსების მედლები კი გადაეცა ეროვნული ნაკრების პერსონალის ექვს წარმომადგენელს.
ღირსების ორდენის გადაცემის შესახებ ცნობილი 13 ივნისს გახდა. ამავე განცხადებაში ადმინისტრაციამ კახა კალაძის საპასუხოდ აღნიშნა: „დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე“.
მანამდე კალაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს.
საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მას შემდეგ წარადგინეს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 14 ივნისს აიღო. ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან; 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება; 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.