ადვოკატს არ ეძლევა იმ ჩეხი ჟურნალისტის მონახულების საშუალება, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

ჩეხ ჟურნალისტ რეი ბეისლისთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათია ცდილობს მის მონახულებას და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. 23 წლის ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 22 ოქტომბერს, როცა ავიაკომპანია" ჯორჯიან ვინგსის" პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა პრაღიდან თბილისში. დოკუმენტში, რომელიც მას მისცეს, არ არის განმარტებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი და მონიშნულია ყველაზე ზოგადი არგუმენტი.
"მხოლოდ ეგ მუხლი არ შეიძლება იყოს არგუმენტი, მე უკვე გავაკეთე შეტყობინება 112-ში, რომ სახეზე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, მაკიერი, თუმცა გავრცელებული პრაქტიკაა როგორც საზღვარზე საქართველოს ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების შეფერხება და მათთან ადვოკატის არდაშვება, ასევე განმარტებების გარეშე უარი ქვეყანაში შემოსვლაზე, რაშიც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას ვერც სასამართლო ხედავს და ასეთი საქმეების გასაჩივრებისას თითქმის არასოდეს ითხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ პირის საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების გადაწყვეტილებას.
შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლებას დაბეჯითებით ეუბნება, რომ ჩეხი ჟურნალისტი ამ დროისთვის ნამდვილად იმყოფება საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში პირადი ნივთების და ახლობლებთან კომუნიკაციის უფლების გარეშე, სადაც მას სავარაუდოდ 26 ოქტომბრამდე დატოვებენ. ამ თარიღშია დაგეგმილი პირდაპირი რეისი თბილისი-პრაღა, რომელზეც უკან დასაბრუნებელი ბილეთი აქვს ჟურნალისტს ნაყიდი.
ინფორმაცია საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემების შესახებ რეი ბეისლიმ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თავად გაავრცელა 22 ოქტომბრის საღამოს 8 საათისთვის. ამ პოსტში ის წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და ითხოვდა დახმარებას. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.”
საქართველოში შემოსვლის პრობლემებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად საუბრობდნენ რუსი და ბელარუსი ჟურნალისტები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნება შედარებით ახალი ტენდენციაა.
რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლად შემოუშვას ჟურნალისტი საქართველოში, რაღა მან პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლოს.
"საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ქარტიისვე ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.
· 16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა საქართველოში.
· 17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც წასვლა ისევ ლუქსემბურგში მოუწია წასვლამ.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.