პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომელო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებთან „არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“.
„ამ ეტაპზე, არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში დავწერეთ განცხადება და მივმართეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია – არც უარყოფით, არც დადებითი. დღეის მდგომარეობით, არაფერი არაა შეცვლილი. ჩვენ სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 სექტემბერს გვექნება და ვნახოთ, მანამდე თუ რაიმე პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს პროკურატურა და რაიმე პირობებს შემოგვთავაზებს, განვიხილავთ.
არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. პროკურორთან გვქონდა საუბარი, თუმცა მანაც თქვა, რომ ჯერ გენერალურ პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა ბატონ რომეოს საპროცესო შეთანხმება,“ – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.
პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის – „ფულის გათეთრების“ ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;
სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.
რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას – “ფულის გათეთრებას” გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.



