ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან ცოტა ხნის წინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება შეუძლებელია დაკავშირებული იყოს მის მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული და „შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა“.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?