ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის განცხადებით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა ჩამონათვალში კომპანია „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიგურირებს.

ამასთან ადვოკატის განცხადებით, არ შეუძლია დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა გამოძიებამ „მეტასგან“ რაიმე მონაცემები.

„არ ვიცნობ საქმის მასალებს. ჩემთვის ნამდვილად უცნობია, თუ რა სახის მტკიცებულებები არის საქმის მასალებში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომ ყოფილიყო რამე სახის მტკიცებულება, ესეც ჩემთვის უცნობია.

ბრალდების შესახებ დადგენილებაში მტკიცებულებათა ჩამონათვალში რამე სახის „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიქსირდება. „მეტადან“ რამე ინფორმაცია მოვიდა თუ არა და მართალია თუ ტყუილი, ამასაც ვერ დაგიდასტურებთ. შეიძლება ეს ტყუილიც იყოს.

ეჭვების საფუძველზე არ ხდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სისხლის სამართლის საქმე უნდა ვაწარმოოთ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სხვა არცერთი სტანდარტი არ გადაწონის ამ გარემოებას“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რატომ დააკავეს ნია იმნაძე შემთხვევიდან დაახლოებით 10 თვის შემდეგ. მისი თქმით, არასრულწლოვანი ამ ხნის განმავლობაში ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.

ლეკიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალდებას სპეციალური დაცვის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართა, მათ შორის საცხოვრებელი ადგილისა და გვარის შეცვლის თაობაზე.

„მე არ ვიცი, თუ ვინმემ იცის, რასთან არის დაკავშირებული ნია იმნაძის 10 თვის თავზე დაკავება. რა უნდა თქვას 16 წლის ბავშვმა, რომელიც 9 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყო. სახელმწიფო ბრალდებას მივმართავდით დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოვითხოვეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გვარის შეცვლა, იმიტომ, რომ საზოგადოების ცალკეული ნაწილი, რომელიც არასწორად გავრცელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შეცდომაში იყო შეყვანილი, ამით ახდენდა გარკვეულ უწყებებზე ზეგავლენას, ზეწოლას და წნეხს, რის საფუძველზეც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არ არის გამორიცხული მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს ასეთ გარემოებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.