ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სვიმონიშვილი აცხადებს, ელიზბარაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს.

„ქალაქის სამმართველოში, ნომერ მესამე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. გუშინ, გვიან ღამით ვიყავი შესული, დღესაც ვაპირებ შესვლას. ის პოლიციელების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ, უფლებების დარღვევაზე საუბრობს, უფრო დეტალურად მასთან ამ საკითხზე საუბარს დღეს ვაპირებ.

სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, რამე ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ სახლიდან, რაც უკანონო იქნებოდა. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, ფიზიკურად არ ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან თამაზ ელიზბარაშვილი ბრალდებული არ არის და მხარე არ ვართ“, – აცხადებს სვიმონიშვილი.

რაც შეეხება მის კოლეგას, ელიზბარაშვილის კიდევ ერთ ადვოკატს, ია სირანაშვილს, ის წუხელ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„მისი კონკრეტული მდგომარეობა არ ვიცი, მასთან ფიზიკური კომუნიკაცია ვერ დავამყარე. კლინიკაში იყო კვლევებზე გადაყვანილი, მას სხვა კოლეგებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა, ასოციაციის თავმჯდომარეც ადგილზე იმყოფებოდა, კლინიკაში განაცხადეს, რომ იქ დილამდე დატოვებდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე სად იმყოფება, არ ვიცი, კომუნიკაცია ვერ მოვახერხე“, – აცხადებს სვიმონიშვილი.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს. შსს-ში აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციულად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე: თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – რაც შეეხება თვითმკვლელობების ფაქტებს, ეს ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ ერთმანეთზე უარესები არიან