“აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი?” – გიორგი კეკელიძე

2021 წლის ოქტომბერში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერთი კაცი მოვიდა. სამუშაო საათების მიწურულს. ჩემი დეპრესიის დასაწყისი და პანდემიის დასასრული იდგა. ხოლო ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა.
– სათხოვარი მაქვსო – მითხრა. სათხოვარი არ მიკვირდა. არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლო. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს კაციც რაღაც ჩემთვის შეუძლებელს მეტყოდა. პროლოგიც ხომ მხოლოდ ამას მოასწავებდა. ,,რვა წელია თავშესაფარში ვცხოვრობო. მაგრამ გაუნათლებელი არ გეგონოთო.” სტარტის ლოგიკური გაგრძელება ასეთია; უფრო ადვილი – ფული, უფრო რთული – სამსახური. ,,სახლი როცა მქონდა, იქ პიანინო მედგაო, კარგი პიანინოა ძალიან, სურათს განახებთო”. პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ამობეჭდილ სურათს მიწვდის და მე ველოდები კითხვას: “პიანინოს ხომ არ შეიძენთ? სულ რაღაც 800 ლარად მოგყიდით, ანტიკვარულია, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბიძამ….” მაგრამ ამ კაცმა მოლოდინი გამიცრუა, ოდნავ შეყოვნდა, მორცხვად ამომხედა და გაიმეორა: ,,ერთი სათხოვარი მაქვს”. არაფერი მიპასუხია, მაგრამ სახეზე ალბათ სასოწარკვეთილი ,,დიახ, გისმენთ” შემეტყო. ჰოდა, ძალა მოიკრიბა ვატყობ და დაიწყო: ,,მთელი ცხოვრება ვუკრავდიო, დაკვრის მეტი არაფერი მიქნია, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი და ვუკრავდიო.” და? ,,უფლება მომეცით, თუ ღონისძიება არ იქნება, სამკითხველო დარბაზის დახურვის შემდეგ, ნახევარი საათით ბიბლიოთეკის როიალზე დავუკრაო!” კორონას რა ვუთხარი, თორემ გადავეხვეოდი. აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი? ჩემთვის ის უპირველესი შემსრულებელი იყო მაშინ – მოუსმენლად. თუნდაც საშინლად დაეკრა. თუნდაც ყველაზე უარესად. თუნდაც რაც მითხრა, ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. მთავარი ხომ ესაა – კაცი მოვიდა და იმ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა.