ლატვია, უსაფრთხოების მიზნით, ბელარუსთან საზღვარზე დაწესებულ კონტროლის გაძლიერებულ რეჟიმს მიმდინარე წლის ბოლომდე აგრძელებს.
ქვეყნის მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ბელარუსია-ლატვიის საზღვრის გავლით ევროკავშირში არალეგალურად შესვლის მცდელობას მიგრანტების დიდი რაოდენობა აგრძელებს.
მათივე განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღეს ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან და რომელსაც მხარს მინსკის ავტორიტარული რეჟიმი უჭერს.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ლატვია-ბელარუსის საზღვარზე გაძლიერებული რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდებოდა.
ლატვიასა და ბელარუსს შორის საზღვრის სიგრძე 172 კმ-ია. ლატვია, ისევე როგორც პოლონეთი და ლიეტუვა, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ლატვიის საზღვარზე მიგრანტების ხელოვნურად თავმოყრის ორგანიზებაში ადანაშაულებს. რიგაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლება ამას პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად იყენებს.
ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს ლატვიის უსაფრთხოების ძალებმა 4 210 მიგრანტის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა აღკვეთეს.