„ბრალდებულს გირაო აქვს და უცხოეთშია, მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ“ – მეზღვაურის ისტორია
24 წლის მეზღვაურმა, ვანო მიქელაძემ განაცხადა, რომ მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს გამოცემული წერილობითი ბრძანება მისი საზღვრის კვეთის აკრძალვის შესახებ. როგორც მისმა ადვოკატმა, ლელი ბჟალავამ აღნიშნა, მიქელაძე წარსულში ძარცვის საქმეზე მოწმე იყო, ხოლო ბრალდებულს გირაო აქვს და უცხოეთში იმყოფება. ადვოკატმა მიმართა სახალხო დამცველს, ხოლო შსს-სა და სუს-იდან პასუხს ელოდებიან.

24 წლის მეზღვაური, ვანო მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვაზე არცერთი სახელმწიფო უწყების წერილობითი ბრძანება არ არსებობს.
ვანო მიქელაძის თქმით, ის 25 აგვისტოს სტამბოლში უნდა ყოფილიყო, სადაც თურქულ ტანკერზე აპირებდა დასაქმებას, თუმცა არც ფრენის უფლება მისცეს და არც სარფის საბაჟოს გადაკვეთის.
„სხვა მეზღვაურთან ერთად მივფრინავდი ბათუმის აეროპორტიდან, მაგრამ ის გაატარეს, მე კი მითხრეს, რომ შეზღუდული გაქვთ ქვეყნის დატოვებაო.
მიზეზს არ მეუბნებოდნენ. უბრალოდ მითხრეს, იუსტიციაში გაარკვიეო. ვიყავი იუსტიციაშიც, სადაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მქონდა.
მომდევნო საღამოს ისევ ვცადე საზღვრის კვეთა სარფიდან, თუმცა მაინც არ გამიშვეს. „პროგრამა არ გატარებს“, – მხოლოდ ამას მეუბნებიან. როგორც ადვოკატმა მითხრა, შეზღუდვის ინიციატორი უნდა ეწეროს დოკუმენტში, თუმცა ვინ არის ეს ინიციატორი, არავინ მეუბნება“, – ამბობს ვანო მიქელაძე.
მეზღვაურის თქმით, გამოცვალა პასპორტიც. „ერთ დღეში, დაჩქარებული წესით ავიღე, თუმცა მაინც არ გამატარეს“ – გვითხრა მან.
„არც ჯარიმა მაქვს, არც რაიმე დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არც ძებნაში ვარ, თუმცა, მაინც ვერ გავარკვიე მიზეზი, თუ რის გამო მზღუდავენ.
ვიყავი პროკურატურაშიც და იქაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ქვეყნის დატოვებაზე. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან, მანამდე არსად ვყოფილვარ, რომ რომელიმე ქვეყანაში მქონოდა შესვლა შეზღუდული“, – გვეუბნება ვანო მიქელაძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა მეზღვაურის ადვოკატს, ლელი ბჟალავას. მისი თქმით, დაახლოებით 4 წლის წინ, ვანო მიქელაძე ძარცვის საქმეზე მოწმედ იყო გამოძახებული. ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია, სადაც მოწმეები აღარ იკითხებიან.
„ამიტომ ეს გარემოება ვერ იქნება ვანო მიქელაძის საზღვარზე შეფერხების მიზეზი. პროკურატურა, პოლიციის განყოფილება, იუსტიცია, ყველა უწყება გვეუბნება, რომ არ არის გაშავებული. თუმცა ვის და რა მიზეზით ჰყავთ გაჩერებული, ვერც ამაზე ვიღებთ ინფორმაციას.
მოწმის სტატუსით ადამიანი გააჩერო და არ მისცე საზღვრის კვეთის უფლება, ეს უკვე დანაშაულია. ასეთი კანონი არ არსებობს.
ამ დროს, ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული და უცხოეთში იმყოფება. მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს.
მაშინ უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, ამა და ამ პირს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.
როცა მოწმედ გამოიძახეს, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა დაასრულა სწავლა და სტაჟირებაზე მიდიოდა სტამბოლში. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ლელი ბჟალავა.
მისი თქმით, უკვე მიმართეს სახალხო დამცველსაც, რომ შეისწავლოს საკითხი და გამოითხოვოს ინფორმაცია ამკრძალავი უწყების შესახებ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, რის საფუძველზე, რა მიზეზით არ ეძლევა მოქალაქე ვანი მიქელაძეს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლება?
„ბათუმელები“ ორივე უწყებიდან ელოდება პასუხს ამ კითხვაზე. პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
_____________
ფოტოზე: ვანო მიქელაძე, მეზღვაური. ფოტოკოლაჟი.
ციტატები სტატიიდან
„სხვა მეზღვაურთან ერთად მივფრინავდი ბათუმის აეროპორტიდან, მაგრამ ის გაატარეს, მე კი მითხრეს, რომ შეზღუდული გაქვთ ქვეყნის დატოვებაო. მიზეზს არ მეუბნებოდნენ. უბრალოდ მითხრეს, იუსტიციაში გაარკვიეო. ვიყავი იუსტიციაშიც, სადაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მქონდა. მომდევნო საღამოს ისევ ვცადე საზღვრის კვეთა სარფიდან, თუმცა მაინც არ გამიშვეს. „პროგრამა არ გატარებს“, – მხოლოდ ამას მეუბნებიან. როგორც ადვოკატმა მითხრა, შეზღუდვის ინიციატორი უნდა ეწეროს დოკუმენტში, თუმცა ვინ არის ეს ინიციატორი, არავინ მეუბნება“
„ამიტომ ეს გარემოება ვერ იქნება ვანო მიქელაძის საზღვარზე შეფერხების მიზეზი. პროკურატურა, პოლიციის განყოფილება, იუსტიცია, ყველა უწყება გვეუბნება, რომ არ არის გაშავებული. თუმცა ვის და რა მიზეზით ჰყავთ გაჩერებული, ვერც ამაზე ვიღებთ ინფორმაციას. მოწმის სტატუსით ადამიანი გააჩერო და არ მისცე საზღვრის კვეთის უფლება, ეს უკვე დანაშაულია. ასეთი კანონი არ არსებობს. ამ დროს, ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული და უცხოეთში იმყოფება. მოწმეს კი საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს. მაშინ უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, ამა და ამ პირს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება. როცა მოწმედ გამოიძახეს, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა დაასრულა სწავლა და სტაჟირებაზე მიდიოდა სტამბოლში. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.