მშობლის თქმით, ახმეტაში 10 წლის ბავშვის მანქანაში ჩასმა იძულებით სცადეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მშობლის ინფორმაციით, 10 წლის ბავშვის მანქანაში იძულებით ჩასმა სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უწყებაში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე დაიწყო.
დადგენილია ინციდენტში მონაწილე პირი და ახმეტის პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები.
შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ გუშინ, მშობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა.
როგორც მოზარდის დედა ამბობდა, ფაქტი გასულ კვირას, სოფლის მოსაცდელთან მოხდა.
მისი თქმით, ბავშვი ცეკვის რეპეტიციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ასაკოვანმა მამაკაცმა სახლში წაყვანა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი კაცი ავტომობილში მის ძალით ჩასმას შეეცადა.
ბავშვმა თავის დაღწევა და გაქცევა მოახერხა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.