უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი დაიღუპა - მედია
რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში დაიღუპა რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელიც მეოთხე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა. აგვისტოს ბოლოს მას პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

უკრაინაში დაიღუპა რუსი გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელსაც აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის „გათავისუფლებისთვის”. გრუნისი მეოთხე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა.
პირველი ცნობები გრუნისის სიკვდილის შესახებ, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათ შორისაა სააგენტო Anna News-ი, რომელსაც წყაროები ჰყავს რუსეთის სამხედრო წრეებში. 15 სექტემბერს ამ სააგენტომ დაწერა, რომ გენერალ-მაიორ გრუნისის დაღუპვის ფაქტი მეოთხე მოტომსროლელ ბრიგადაში დაუდასტურეს, თუმცა არ დაასახელეს დაღუპვის დრო და გარემოებები.
ერთი დღით ადრე ტელეგრამ-არხზე „სუვოროვის საძმო“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიღუპა სუვოროვის სასწავლებლის ყაზანის ფილიალის კურსდამთავრებული, სახელად ანტონი. ამ ცნობას თან ახლდა გენერალ-მაიორ ანტონ გრუნისის ფოტო.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA წერს, რომ ანტონ გრუნისმა ყაზანში 1996 წელს დაამთავრა სუვოროვის სასწავლებელი
რა არის ცნობილი გენერალ-მაიორ გრუნისის შესახებ
რუსეთის სახელმწიფო მედიით 2026 წლის ივლისში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტ პუტინს სწორედ გენერალ-მაიორმა გრუნისმა მოახსენა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა „აიღეს“.
პუტინმა გრუნისი დააჯილდოვა რუსეთის გმირის „ოქროს ვარსკვლავით“, რომელიც მას 27 აგვისტოს გადასცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბელოუსოვმა. უკრაინამ კონსტანტინოვკაზე რუსეთის კონტროლის დამყარება უარყო.
ანტონ გრუნისი 1979 წელს ყაზანში დაიბადა. რუსული წყაროების თანახმად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ჩეჩნეთში, „სამხრეთ ოსეთსა“ და სირიაში. 2021 წელს პენსიაზე გავიდა, სამხედრო სამსახურს კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაუბრუნდა და მეოთხე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორ გრუნისის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოცამდე რუსი გენერალია დაღუპული. რამდენიმე მათგანი მოკლულია არა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების, არამედ რუსეთში თავდასხმების (აფეთქებების) შედეგად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…