“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპი – თბილისის თასი იმართება. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომელიც ევროპული და სამხრეთაფრიკული კლუბების წინააღმდეგ ითამაშებს.

ექვსი გუნდი და რაგბის გზაჯვარედინი – 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი და ავჭალის სარაგბო სტადიონი პირველად უმასპინძლებს ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს.
სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი – „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.
ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან.
„შავი ლომი“ პირველ თამაშს „სუზუკი გრიქასთან“ გამართავს (24 სექტემბერი 20:00); მეორე მატჩი „აირლინკ პუმასთან“ ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, „ტოიოტა ჩიტასთან“ (4 ოქტომბერი 20:00).
ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისე – დღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.
სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.