"მედიკამენტმა ვოზორიდიტმა გამოიწვია ძალიან დიდი, დადებითი ეფექტი და შედეგი" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის ბებია
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის ბებიამ, ლია შალვაშვილმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული დამცინავი პოსტი დაგმო და მედიკამენტ ვოზორიდიტის დადებით შედეგებზე ისაუბრა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა დარინა მიქელაძემ ბავშვებისთვის მედიკამენტების დაფინანსების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული დამცინავი პოსტი კატეგორიულად მიუღებელია. პაციენტის ბებია, ლია შალვაშვილი განმარტავს, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია პირდაპირ ლახავს ბავშვების, განსაკუთრებით კი მოზარდების ღირსებას, მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობა უპრეცედენტო პროგრესს აჩვენებს და დაავადების თანმდევ მძიმე სიმპტომებს აქრობს.
"რა თქმა უნდა, ეს იყო დისკრიმინაციული შინაარსის პოსტი, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, მშობლებისთვის და მით უმეტეს იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარდატეხის ასაკს და კიდევ უფრო ზემოთ. მედიკამენტმა ვოზორიდიტმა, რომელსაც უკვე ჩვენი შვილები ორ წელზე მეტია იკეთებენ, 15 ნოემბერს გახდება სამი წელი, გამოიწვია ძალიან დიდი, დადებითი ეფექტი და შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ გააუმჯობესა ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, როგორიც არის ხერხემლის კიფოზი, როგორიც არის ძილის აპნოე, დისპროპორცია, სახის ნაკვთებიც კი გააუმჯობესა," - აცხადებს ლია შალვაშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა, დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების დაფინანსების გადაწყვეტილება გააპროტესტა და სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა: "მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?". აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონით ვაფინანსებთ
- რუსთავი 2"ფორმა მიზანმიმართულად იყო შერჩეული, დამცინავი და დამაკნინებელი" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…