ბექა ქურხული: რადგან აფეთქებული ადამიანი შუქნიშანისგან განსხვავებით, ვეღარ ინთება...
ბექა ქურხული: ფრაგმენტი მომავალი წიგნიდან „უკრაინული დღეები 2026“ და ცხოველურად შემაძრწუნებელი შეგრძნება, როდესაც მანდვე, სლოვიანსკის ცენტრში გხვდება უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე, თქვენთან ერთად მოძრაობდა და ასე უცნაურად, იმ წამსვე იცანით ერთმანეთი და ღვიძლი ნათესავებივით ალალი სიხარულით და აღფრთოვანებით გადაეხვიეთ.
მწერალი ბექა ქურხული:
ფრაგმენტი მომავალი წიგნიდან „უკრაინული დღეები 2026“
10 მაისი
‘’...ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როდესაც წელიწადნახევრის განმვალობაში, საკუთარი თვალით უყურებ, შენს თვალწინ როგორ ნადგურდება მთელი ქალაქი... როგორ ინგერვა შენობები, საცხოვრებელი კორპუსები, დაწესებულებები, სკოლები, სლოვიანსკის რიკინიგზის ვაგზალი, საიდანაც მგზავრობდი, როგორ ინგრევა ხიდები რომელზეც გადადიოდი, როგორ ფეთქდება მიკრო მარკეტი „ავრორა“ სლოვიანსკის ცენტრში, სადაც შედარებითი სიმშვიდის დროს ყავის დასალევად შედიოდი ბიჭებთან ერთად, როგორ წვება გზაჯვარედინზე ოთხივე შუქნიშანი საავიაციო ბომბის ჩამოვარდის შემდეგ და როგორ აგრძელებდნენ მაინც მუშაობას: - წითელი..... ყვთელი.... მწვანე.... წითელი.... ყვითელი.... მწვანე....
აგრძელებდნენ იმ უკრაინელი გოგონებისგან განსხვავებით, რომლებიც 2024 წლის შემოდგომაზეც და 2026 წლის გაზაფხულზეც ყავას გვაწვდიდნენ, გვიღიმოდნენ, შემოგვჩიოდნენ, გვახარებდნენ კარგ ახალ ამბავს, რომ მათი მამა, ძმა, შვილი, შეყვარებული ცოცხალი ყოფილა, მშვიდობას გისურვებდნენ, ცოტ-ცოტა გეპრანჭებოდნენ კიდევაც და რომლებიც, დღისით-მზისით, ამ ყვითელ არშიან მიკრომარკეტ „ავრორას“ დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ...
და ახლა ვეღარასოდეს ვეღარ გაგვიღიმებენ, ვეღარ მოგვაწვდიან ჭიქა ყავას, ვეღარ აინთებიან, რადგან აფეთქებული ადამიანი შუქნიშანისგან განსხვავებით, ვეღარ ინთება...
და ცხოველურად შემაძრწუნებელი შეგრძნება, როდესაც მანდვე, სლოვიანსკის ცენტრში გხვდება უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე, თქვენთან ერთად მოძრაობდა და ასე უცნაურად, იმ წამსვე იცანით ერთმანეთი და ღვიძლი ნათესავებივით ალალი სიხარულით და აღფრთოვანებით გადაეხვიეთ. იცანით, რადგან ამ წელიწადნახევარში, თითქმის არცერთი არ შეცვლილხართ, მხოლოდ ერთი პატარა დეტალი: - 2024 წელს, ამ უკრაინელ მებრძოლს ორივე ხელი ჰქონდა, ახლა კი არცერთი აღარა აქვს!..
არც ერთი ხელი აღარა აქვს!...
ხელების მაგივრად, მხრებიდან უშნოდ ამოზრდილი ორი ნაგლეჯი და მივხვდი როგორ გამიცივდა სიმწრისგან ზურგი და როგორ გამეყინა ძრღვებში სისხლი, როდესაც მე გადვეხვიე, კაი გრძლად მოვხვიე მკლავები, საპასუხოდ კი მხრებზე, მისი მხრებიდან ამოჩრილი ორი ნაგლეჯი მომედო...
რომ ფოტოც ვერ გადაუღე, ვერ გაბედე, ვერც მერე როდესაც მოკითხვის შემდეგ, შებრუნდა და წავიდა... ვერც ზურგშექცეულს ვერ გადაუღე... რადგან მადლობა ღმერთს, ამ ბოზიშვილი, მის დღემში, ხელისუფლებაში, მთავრობაში და საქონლის ნეხვივით თბილ ადგილას მოკალათებული, ბოზიშვილი პოლიტიკოსებისგან განსხვავებიტ, ჯერ კიდევ შემრჩენია შინაგანი ღირსების კოდექსი, რომელიც თუნდაც საქმისათვის, თუნდაც იმის საჩვენებლად, რა ჯოჯოხეთური აპოკალიფსი გახლავთ ომი და რა წყეულია ყველა ის, ვინც ამ ომებს იწყებს, არ გაძლევს უფლებას გააკეთო ის, რაც ოდნავ მაინც ეწინაარმდეგებაშენს სულიერ, კაცურ და ადამიანურ ხმას და დაუწერელ, მაგრამ ყველაზე მტკიცე კანონს, რომელსაც ღმერთიც, კავკასიური ადათიც, თბილისის ქუჩებიც, მეგრული ტაბუც, ერთნაირ, ღვთაებრივი აკრძალვის ბეჭედს ასვამს!...
სწორედ ამიტომ ვერ გადავუღე, პავლოგრადში ხუტორ ველიკო ოლექსეევკაში, გალელ „ჯოღორიას“ რომელიც პირველად, 27 წლის წინ 1999 წელს ვნახეთ მე და ანრიმ ზუგდიდში, ძველ „ATK“-ს შენობაში სადაც იმ დროს, ქართველი პარტიზანების, „ტყის ძმების“ერთერთი შტაბი იყო განლაგებული, მაშინ ორივე ფეხი ჰქონდა, ახლა კი ცალი ფეხი უკრაინის ომში დაეკარგა, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვერც მას, ვერც ზურაბ ჯიბუტს, რომელიც როდესაც 2024 წელს ქართული „ლეგიონის“ ბაზაზე გავიცანი კიევში, უკვე ორივე ფეხი ჰქონდა დაკარგული. ზურაბ ჯიბუტს ერგო სამხედრო პატივი და იმ ქართველებს შორის მოხვდა, რომელიც 106 წლის შემდეგ, ჩვენი მოსისხლე მტრი, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრა, ის უკრაინელიც თანახმა იყო, ჯოღორიაც და ზურა ჯიბუტიც და ალბათ მართლა დიდებული ფოტოები გამოვიდოდა, ერთდროულად შემზარავი და დიადი, დიდი რობერტ კაპას შესაფერისი, მაგრამ არა!...
არა! ...
კიდევ კარგი ჯერ კიდევ არსებობს ეს დიდებული სიტყვა:
არა!..
რომელიც ისევ დგას ჩვენს კაცურ და ქართულ ღირსებასა და ყველა ჯურის, უჯიშო გაბოზებულ ჩათლახებს შორის, როგორც ჩვენი ცოდვილი და დროებით, მიწაში ჩასაშლელად გახაზირებული სხეული დგას, ჩვენსა და ღმერთს შორის!..
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…