„იმედმა“ 2025 წელი ₾500 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ, „ტელეიმედმა“ 2025 წელი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის ზარალით დაასრულა, – ვიგებთ ტელეკომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან, რომელიც 30 სექტემბერს გასაჯაროვდა.

კერძო აუდიტორული კომპანია „ბესტ აუდიტი“, რომელმაც „იმედის“ შესახებ ანგარიში მოამზადა, წერს „კომპანიის მიერ დაგროვილმა წმინდა ზარალმა 2025 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის შეადგინა 497 227 059 ლარი“.

აუდიტორიული ფირმა წერს, რომ ეს გარემოება, – სხვა დეტალებთან ერთად, – „ეჭვს ბადებს კომპანიის უნართან დაკავშირებით, საქმიანობა გააგრძელოს, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ“.

ტელეარხის ყოფილი მეპატრონე ირაკლი რუხაძე, – რომელმაც კომპანია სანქცირებამდე მცირე ხნით ადრე გაყიდა, – მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ „იმედი“ „წამგებიანი პროექტია“.

ანგარიშის თანახმად, „ტელეიმედს“ „მნიშვნელოვანი ოდენობის სესხები აქვს“ – როგორც ბანკების, ისე „დაკავშირებული მხარებისაგან“.

  • ახლადგამოქვეყნებული ანგარიში ეხება 2025 წელს, – ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციების დაწესების წინა წელს;
  • შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ ფაქტორით არ არის განპირობებული, მაგრამ აუდიტორები სანქციებს დამატებით რისკად მიიჩნევენ და წერენ:
  • „შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი ეჭვი კომპანიის შესაძლებლობაზე, ჰქონდეს არსებობის პერსპექტივა“.

    როგორ დაგროვდა ამდენი ზარალი?

    ახალ ანგარიშში ჩანს, თუ როგორ იზრდებოდა 2023-25 წლებში კომპანიის „დაგროვებული ზარალი“:

    • 2023 წლის ბოლოსთვის „დაგროვილი ზარალი“ იყო 386.3 მლნ ლარი;
    • 2024 წლის ბოლოსთვის ეს თანხა 67.8 მილიონი ლარით გაიზარდა – 454.1 მლნ ლარამდე;
    • 2025 წლის ბოლოსთვის კი კიდევ 43 მილიონი ლარით გაიზარდა და 497.2 მლნ ლარს მიაღწია.
    • სავარაუდოდ, ჯამური ზარალი 2026 წელსაც მზარდია – თუმცა ანგარიში 2025 წელს არ სცდება.

    ამ სამ წელიწადში შემცირდა წლიური ზარალის მოცულობა – 67.8-დან 43 მილიონ ლარამდე – მცირდება, თუმცა ზარალი კვლავ დიდია.

    კომპანიას აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ვალდებულებები – 428 მლნ გრძელვადიანი სესხებიდან; სავაჭრო და სხვა მოკლევადიანი ვალდბულებები და ცალკე – „საგადასახადო ვალდებულებები“ – მხოლოდ ეს უკანასკნელი 34.8 მლნ ლარს შეადგენს.

    40 მილიონი ხელფასებში – რა ხარჯები აქვს „იმედს“

    კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა, ანგარიშის თანახმად, 2024 წელს 880 იყო, ერთი წლის თავზე კი – 841.

    „იმედის“ პერსონალზე 2025 წელს 40.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

    ეს 40 534 369 ლარი მოიცავს „პირდაპირ ხელფასს“ და „შრომის ანაზღაურებას“, ასევე დაზღვევასა და საპენსიო გადასახადს.

    ჰქოდნა „სხვა ხარჯებიც“ – ტელეგადაცემების წარმოება, კომუნალურები, იჯარა, საბანკო და საგადასახადო ხარჯები – ჯამში 24.7 მილიონი ლარი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო