„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს.
3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
მათივე ცნობით, „თბილისობის“ ღონისძიებების დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება კოტე აფხაზის ქუჩის გავლით (ნაცვლად ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდისა).
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით ვერ მოხვდებიან მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, ღვინის აღმართზე, ნოე ჟორდანიას სახელობის მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელ პანდუსზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.
გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის, მარცხენა სანაპიროს, გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსისა და მეტეხის ხიდის გამოყენებით. მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.
3 ოქტომბრის 01:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართსა და გვირაბიდან ამოსასვლელ პანდუსზე.
გორგასლის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრას შეძლებენ პირდაპირ, მეტეხის ხიდზე მობრუნების გარეშე. ამ პერიოდშიც მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.
ასევე, 8 ოქტომბრის 23:30 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად იზღუდება პრეზიდენტის სასახლის წინ, გიორგი ათონელის ქუჩაზე (იტალიის ქუჩამდე) და ვახტანგ ორბელიანის შესახვევში.
მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომანქანები მარჯვენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ იტალიისა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, ხოლო გია ჭანტურიას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით. ვირსალაძის, ჭანტურიას ქუჩებიდან და მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი პანდუსისა და ბარათაშვილის ქუჩის გამოყენებით.
ამას გარდა, 6 ოქტომბრის 01:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება აბანოს ქუჩის მონაკვეთზე – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე აბანოს I ჩიხამდე. გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩების გამოყენებით.
„თბილისობის“ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 5 ოქტომბრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება ასევე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე.
შეზღუდვის პერიოდში ორივე სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.
აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება მარცხენა სანაპიროს გავლით, ნაცვლად კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




