ფინეთში იძიებენ დეპუტატების სახლებში უცხო პირთა სავარაუდო შეღწევის შემთხვევებს
ფინეთში იძიებენ დეპუტატების სახლებში უცხო პირთა სავარაუდო შეღწევის შემთხვევებს. პარლამენტის სპიკერის თქმით, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვანია და ოცზე ნაკლებ დეპუტატს ეხება. პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ არ გამორიცხა უცხო სახელმწიფოების შესაძლო კავშირი და აღნიშნა, რომ ინციდენტები დეტალურად გამოიძიება.

ფინეთის პარლამენტის სპიკერმა იუსი ჰალა-აჰომ პირველ ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა „მნიშვნელოვანია“. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის(Yle) ინფორმაციით, დეპუტატების რიცხვი ოცზე ნაკლებია.
პარლამენტის ამ წევრებს თავიანთ სახლებში კარის გატეხვის, ძარცვის, ან დაზიანების კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა უცხო პირთა შეღწევის ნიშნებად მიიჩნევენ ღიად დატოვებულ კარს და ანთებულ შუქს იქ, სადაც თავად არ დაუტოვებიათ. ბოლო ინციდენტები სექტემბერში იყო.
პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც სახლებში უცხო პირთა შეღწევის ეჭვი აქვთ, სხვადასხვა სქესის და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.
ჰელსინკი არ გამორიცხავს უცხო ძალების ჩარევას
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დეპუტატების სახლებში სავარაუდო შეღწევა სერიოზული პრობლემაა და დეტალურად იქნება გამოძიებული.
ჟურნალისტების შეკითხვას ინციდენტებთან უცხო სახელმწიფოების შესაძლო კავშირის შესახებ, ორპომ უპასუხა, რომ ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ თუ ვინმე ცდილობს ფინეთში დესტაბილიზაციას, ან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას, ეფექტი საპირისპირო იქნება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს(2027 წლის აპრილი) და იმას, რომ რუსეთმა არაერთხელ სცადა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.
მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.