აშშ-ში ორი ლეტალური ინექციით პატიმრის სიკვდილით დასჯის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი პატიმრის, კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯის მცდელობა ლეტალური ინექციის გამოყენებით წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტენესის გუბერნატორმა მომხდარის დასადგენად დამოუკიდებელი მოკვლევა დაავალა.

ადვოკატების განცხადებით, ტენესის შტატის სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ორი ლეტალური ინექციით მისი სიკვდილით დასჯის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
მსჯავრდებულის ადვოკატების გუნდმა სიკვდილით დასჯის პროცესში გადაუდებელი შუამდგომლობით შეიტანა აღსრულების შეჩერების მოთხოვნა. გუნდის თქმით, პაიკმა გონება დაკარგა, თუმცა გულისცემა კვლავ უფიქსირდებოდა და გასაგონად ხვრინავდა.
პატიმრის ერთ-ერთმა ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, რომ 50 წლის ქალის სიცოცხლის გადასარჩენად საავადმყოფოში საჭირო ზომებს იღებენ. პაიკი სამედიცინო დაწესებულებაში პენტობარბიტალის ორი ინექციის შემდეგ გადაიყვანეს.
კრისტა პაიკს 1996 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა შეეფარდა. მისი განაჩენის აღსრულება ბოლო წუთამდე მწვავე სამართლებრივი დავის საგანი იყო.
საბოლოოდ, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომა ლეტალური ინექციის ჩატარების ნებართვა გასცა.
პაიკი 18 წლის იყო, როდესაც მან და მისმა იმდროინდელმა პარტნიორმა, ტადარილ შიპმა, სცემეს, აწამეს და მოკლეს 19 წლის სლემერი, რომელიც პრობლემური მოზარდებისთვის განკუთვნილ პროფესიულ ბანაკში გაიცნეს.
სლემერის დედა, მეი მარტინესი, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც განაჩენის აღსრულებას ითხოვდა. 30 სექტემბრის საღამოს განვითარებული მოვლენების შემდეგ მან NBC News-თან საუბრისას აღნიშნა პროცესი სრული ქაოსი იყო.
განაჩენის აღსრულების მცდელობა ნეშვილის რივერბენდის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით, პაიკს ქიმიური ნივთიერება პენტობარბიტალის ორი დოზა გაუკეთეს, მოწმეთა ოთახს კი ფარდა ორჯერ ჩამოაფარეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გარკვეულ ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.
AP-ს ცნობით, ტენესის სიკვდილით დასჯის პროტოკოლი ითვალისწინებს მედიკამენტის შპრიცების მეორე წყების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი პირველი დოზის შემდეგ არ გარდაიცვლება. თუმცა, პროტოკოლში მკაფიოდ არ არის გაწერილი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მეორე წყების შეყვანის შემდეგაც ცოცხალი გადარჩება.
აშშ-ს მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ აღნიშნა, რომ მომხდარის დეტალების დასადგენად ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი მოკვლევის ჩატარების შესახებ განკარგულება გასცა.
2026 წელს ტენესიში ტონი კარუზერსის სიკვდილით დასჯაც გადაიდო, რადგან პერსონალმა ლეტალური პრეპარატის შესაყვანად ვენის პოვნა ვერ შეძლო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, დეპარტამენტმა ზუსტად დაიცვა კანონიერად დადგენილი აღსრულების პროტოკოლი.
დოქტორმა ჯოელ ზივოტმა, რომელმაც BBC-ს განუცხადა, რომ პაიკის იურიდიულმა გუნდმა სამედიცინო ექსპერტად მიიწვია, აღნიშნა, რომ სიკვდილით დასჯის მცდელობისას პაიკის სისხლში პენტობარბიტალმა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწია გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გამოსაწვევად საკმარის დონეს. ზოვიტის თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების დაგვიანებით დაწყების გამო, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პაიკს ტვინის დაზიანება განუვითარდეს.
ტენესის გუბერნატორმა მიმდინარე კვირაში უარი თქვა შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც პაიკმა - შტატის სიკვდილმისჯილთა რიგში მყოფმა ერთადერთმა ქალმა - წარადგინა.
შეწყალების თხოვნაში პაიკმა აღნიშნა, რომ სლემერის ცემა ჰქონდა განზრახული და არა მისი მოკვლა, მაგრამ შეჩერება ვერ შეძლო.
"ფსიქიკურად დაავადებული, 18 წლის ბავშვი ვიყავი მრავალი წელი დამჭირდა, რათა მომხდარის სიმძიმე საერთოდ გამეაზრებინა, კიდევ უფრო მეტი კი იმის გასაცნობიერებლად, რამდენ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება. ვიღაცის შვილს, დას, მეგობარს მოვუსწრაფე სიცოცხლე. ახლა გული მერევა იმის გაფიქრებაზე, რომ მსგავსი დანაშაულის ჩადენა შემეძლო". - განაცხადა პაიკმა.
1995 წელს მკვლელობა ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში მოხდა. კოლინი იპოვეს მკერდზე ამოკვეთილი ამოტრიალებული პენტაგრამით. პაიკმა უარყო, რომ აღნიშნული სიმბოლო პირადად ამოკვეთა.
მკვლელობამდე პაიკი კოლინს შეურაცხყოფასა და მაშინდელი შეყვარებულის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით ბანაკის ორმა სხვა მცხოვრებმა მისცა ჩვენება, რომ პაიკი მკვლელობამდეც და მკვლელობის შემდეგაც ტრაბახობდა ჩადენილით და მათ კოლინის თავის ქალის ნატეხიც კი აჩვენა.
პაიკის იმდროინდელი შეყვარებული და თანამზრახველი შიპი იმ დროს 17 წლის იყო, ამიტომ შტატის კანონმდებლობის თანახმად, მას სიკვდილით დასჯა აარიდეს. იგი კვლავაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.
ციტატები სტატიიდან
„ფსიქიკურად დაავადებული, 18 წლის ბავშვი ვიყავი მრავალი წელი დამჭირდა, რათა მომხდარის სიმძიმე საერთოდ გამეაზრებინა, კიდევ უფრო მეტი კი იმის გასაცნობიერებლად, რამდენ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება. ვიღაცის შვილს, დას, მეგობარს მოვუსწრაფე სიცოცხლე. ახლა გული მერევა იმის გაფიქრებაზე, რომ მსგავსი დანაშაულის ჩადენა შემეძლო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.